Accessibility links

logo-print

რუსეთში მკაცრდება კანონები სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის შესახებ


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა შესწორებები, რომლებიც ამკაცრებს კანონებს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის შესახებ. შესწორებების მიხედვით, რვა წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისთვის, ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისათვის. ცვლილებები შევიდა „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ მუხლშიც. ასეთი დანაშაულის მახასიათებლებს მიეკუთვნება უცხო ქვეყნის ან უცხოური ორგანიზაციისათვის საფინანსო, საკონსულტაციო, ან სხვა სახის დახმარების გაწევა, თუ ის მიმართულია რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ. ბევრი რუსი უფლებადამცველი აკრიტიკებს ამ ცვლილებებს, რადგან შიშობს, რომ ახალი კანონმდებლობა შესაძლებელს ხდის ხელისუფლებისათვის მიუღებელი ნებისმიერი პირის სისხლის სამართლებრივ დევნას. უფლებადამცველ ლიუდმილა ალექსეევას განცხადებით, ის და სხვა უფლებადამცველები აპირებენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართონ თხოვნით, ხელს ნუ მოაწერს კანონპროექტს.
XS
SM
MD
LG