Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 1 ნოემბერი


დღევანდელ პრესაში დიდი ადგილი ეთმობა რუსთავის №16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ ახალი ხელმძღვანელობის მიმართ გამოხატულ პროტესტს. ”რეზონანსი” წერს, რომ ”ამ დროისთვის დაწესებულებაში სიტუაცია მართვადია, თუმცა საკმაოდ დაძაბული, რაც, შესაძლოა, სხვა ციხეებისთვის გადამდები იყოს”. საპასუხოდ სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებისა, რომ რუსთავის ციხეში მომხდარი ინციდენტი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდება, რომლებიც სიტუაციის მართვას ცდილობენ, ”რეზონანსის” ავტორს მონიტორინგის ჯგუფის წევრ ლალი მოროშკინას კომენტარი მოჰყავს. ”ვფიქრობ, რომ ბატონ სოზარს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია, როცა ამას ამბობდა. ”ავტორიტეტები” ამ პროცესებს ემიჯნებიან. აქ ადგილი აქვს თანამდებობის გადამეტებას და არა ”ავტორიტეტების” მიერ ციხის კონტროლის მცდელობასო”, უთქვამს მოროშკინას კორესპონდენტისთვის. ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში კი მოროშკინა ამბობს: ”არასწორი მენეჯმენტის გამო იქმნება პრობლემები. გაგიჟდნენ ესენი, კოდუას და ბაჩო ახალაიას კადრებს ნიშნავენ ციხეების უფროსებად. იმის ნაცვლად, რომ ეს ხალხი საერთოდ ჩამოეშორებინათ, უფროსებად ნიშნავენ”.

”რეზონანსში” წაიკითხავთ აგრეთვე, რომ პარლამენტიდან მთავრობაში გადანაცვლებული სამი მაჟორიტარი დეპუტატის ადგილის შესავსებად არჩევნები, შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს, ამისთვის კი უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს. მოქმედი კოდექსით, ასეთი არჩევნების ჩატარება მხოლოდ შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი.

”ალიაში” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სერგო თეთრაძის საქმეს. ალასანია აცხადებს: ”ჩვენ, როგორც ხელისუფლება, რომელიც პატივს სცემს კანონს, გვინდა სამართლის უზენაესობა დამყარდეს ქვეყანაში. მიგვაჩნია აუცილებლად ყველა დანაშაული იყოს გამოძიებული, მათ შორის, თეთრაძის წამება, მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს მართლმსაჯულებამ და ეს არ არის არც ერთი მინისტრის გადასაწყვეტი და არც პრემიერ-მინისტრის”. ინტერვიუს დასასრულს კი წაიკითხავთ: ”ასეთი შეკრული მთავრობა საქართველოს არასდროს არ ჰყოლია. ეს, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილის მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე. ქართველებს ვპირდებით, ჩვენი სურვილია -როგორც მოსვლით გაგახარეთ, ისე თავის დროზე წასვლით გაგახარებთ”.

სერგო თეთრაძის საქმეზე ვრცელი სტატიაა ”საქართველოს რესპუბლიკაში”. – ”სერგო თეთრაძის საქმის გამოძიება ახალი ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა”. ავტორი წერს: ”რატომ დააკავეს, შემდეგ კი, როგორც მოწმეები ჰყვებიან, მოკლეს სერგო თეთრაძე, ამაზე ჯერ კიდევ ვარაუდებით შეგვიძლია ვისაუბროთ. როგორც ჩანს, შპიონომანიით შეპყრობილ ხელისუფლებას მორიგი ფილმისთვის მასალა სჭირდებოდა. ვისი ინიციატივა იყო მორიგი ჯაშუშის აღმოჩენა - ახალაიას სურდა თავის მოწონება თუ, უბრალოდ, ისიც დაკვეთის შემსრულებელი იყო, ალბათ, ეს საკითხიც სასამართლოზე გაირკვევა”.

”ახალ თაობას” უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ეუბნება: ”ახალ ხელისუფლებას ისეთი საკანონმდებლო ბაზა დაახვედრეს, რომ დღეს საზოგადოება ნაკლებად გრძნობს და ხედავს იმ შედეგს, რა შედეგიც ახალი ხელისუფლების მოსვლას უნდა მოჰყოლოდა. ძველი ხელისუფლება კვლავ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. მაინცდამაინც დღეს გაიღვიძა ყველა დევნილმა?! ეს ბერკეტები აქვს ისევ ძველ ხელისუფლებას, რომელსაც იყენებს არა მარტო დღეს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ იყენებს საზოგადოების წინააღმდეგ”.

”იმელი - დგას და ელის!” – ”24 საათი” თბილისში ე.წ. ”იმელის” შენობის ბედზე წერს: ””იმელი” ის არტეფაქტია, რომლის შესახებაც ისტორიკოსები შეთანხმდნენ, რომ შესანარჩუნებელია - არაერთი მიზეზის გამო. მათგან უმთავრესია მისი არქიტექტურული ღირებულება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ ისტორიკოსები გამოვიდნენ ქუჩაში, რადგანაც არ დარჩა სივრცე, სადაც მათ მოუსმენდნენ. ახალგაზრდები და უფროსი თაობის ადამიანები ითხოვდნენ და ითხოვენ ქალაქში ისტორიული კულტურული ფენის შენარჩუნებას”. - ”24 საათის” ავტორი ასე ასრულებს სტატიას: ”ვიდრე საკადრო ცვლილებებისა და ძალაუფლების გადასანაწილებლად გარკვეული სოციუმები იბრძვიან, ჯერ კიდევ უცნობია სახელმწიფო პოლიტიკა კულტურასთან მიმართებაში და უცნობია თუნცად ამ ერთი ”იმელის” შენობის ბედი, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას და აღსასრულს ელის”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG