Accessibility links

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ შესასწავლია რუსთავის მე-16 დაწესებულებაში შექმნილი ვითარება


არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობას, საფუძვლიანად შეისწავლოს რუსთავის მე-16 დაწესებულებაში შექმნილი ვითარება. საპატიმროში იმყოფებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" და "ციხის საერთაშორისო რეფორმის" წარმომადგენლები, რომლებიც ესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს. სამი ორგანიზაციის განცხადებით, პატიმრები უარყოფენ მათი მხრიდან არეულობის მცდელობას და აღნიშნავენ, რომ ახლად დანიშნული დირექტორისგან იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა მუქარის სახით. არასამთავრობო ორგანიზაციათა ინფორმაციით, თავად დირექტორი პატიმრებისადმი მუქარას კატეგორიუალდ უარყოფს და აცხადებს, რომ დაწესებულებაში იმყოფებიან ე.წ. მაყურებლები, რომლებსაც სურთ გარკვეული პრივილეგიები მოიპოვონ, რასაც ადმინისტრაცია არ დაუშვებს. 3 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებითვე, პატიმრების პროტესტი ასევე უკავშირდება დაწესებულების ტერიტორიაზე გამოჩენას ძველი თანამშრომლებისა, რომლებიც მსჯავრდებულთა თქმით, ახორციელებდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. თავის მხრივ, დაწესებულების ახალი დირექტორი აღნიშნავს, რომ გეგმავს ძველი თანამშრომლების შეცვლას, რისთვისაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გაუგზავნიან ინფორმაციას რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებული პრობლემების შესახებ და სიას იმ თანამშრომლებისა, რომლებიც პატიმართა მტკიცებით, არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG