Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრს რეგიონებში საკუთარი რწმუნებულების დანიშვნა სურს


საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, რომ მომავალში თავად დანიშნოს რწმუნებულები რეგიონებში და აპირებს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით პარლამენტს მიმართოს. ამის შესახებ პარასკევს, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელ მომავალ წელს შედის ძალაში, გუბერნატორებს ისედაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. თუმცა, ახალ მთავრობას სურს დააჩქაროს ამ უფლებამოსილების მიღება გარდამავალ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ეფექტური კოორდინირების მიზნით, -განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ გუბერნატორების სავარაუდო კანდიდატებს მთავრობა დაახლოებით 10 დღეში წარმოადგენს. საქართველო პარლამენტის უმცირესობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მთავრობის ამ ინიციატივას, „ხელისუფლების უზურპაციის“ მცდელობად აფასებენ და არ აპირებენ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებისათვის მხარის დაჭერას. საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის წევრები კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნორმა არ არის ანტიკონსტიტუციური და ჯდება კონსტიტუციის ჩარჩოებში. „ვინაიდან სახელმწიფოს რწმუნებული არის რეგიონებში პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენელი, მიღებულ უნდა იქნას კანონპროექტის ისეთი ფორმულირება, რომლის თანახმადაც გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი პრეზიდენტთან შეთანხმებით“, - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება დააჩქარა პრეზიდენტის ორი კვირის წინანდელმა განკარგულებამ, რომლის თანახმადაც რიგ რეგიონებში რწმუნებულებად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაინიშნენ.
XS
SM
MD
LG