Accessibility links

გენერალი კალანდაძე გადადგა გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობიდან


პარასკევს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გადადგა საქართველოს შეიარღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე, რომელიც ამ პოსტზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 ოქტომბერს დანიშნა. უცნობია, თუ რა გახდა კალანდაძის მიერ თანამდებობის ასეთი სწრაფად დატოვების მიზეზი. თუმცა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ მას სურს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა. კულუარებში ალასანიას ფავორიტად სახელდება ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც 2004 წელს ერთხელ უკვე იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი. იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან კონფლიქტის გამო კაპანაძეს მოუწია სამხედრო ძალების დატოვება და ცოტა ხანს პრეზიდენტის მრჩევლად, შემდეგ კი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტში აგრძელებდა მუშაობას. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე კი გენერალი კაპანაძე შედიოდა იმ „ნდობის ჯგუფში“, რომელიც სამხედრო უწყებაში გადაბარების პროცესისათვის საჭირო მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
XS
SM
MD
LG