Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცვას განაგრძობს ფოთის პორტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი


ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით გაფიცვას განაგრძობს ფოთის პორტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი. თავის მხრივ, ნავსადგურის დორექტორმა ჯოზეფ კროულიმ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფოთის პორტის მუშების ხელფასის რაოდენობა მომავალი წლის აპრილის ნაცვლად იანვარში გადაიხედება და 20%-ით მოიმატებს კვალიფიკაციის დამსახურებისა და ინფლაციის გათვალისწინებით. კროულის თქმით, რეზერვისტთა ჯგუფებისთვის, რომლებიც არ არიან კომპანიის ბალანსზე, ხელფასმა 40%-ით უკვე მოიმატა. ”პორტის მენეჯმენტი ყველანაირად ცდილობს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს, რადგან ეს მოქმედებს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ქვეყნის იმიჯზეც”, - განაცხადა პორტის დირექტორმა. ჯოზეფ კროულიმ იმედი გამოთქვა, რომ მუშების გაფიცვის პრობლემა მოლაპარაკებით მოგვარდება. ამავე პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორმა ფადი ასლიმ პროკურატურას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს ვინაობა იმ პირებისა, რომელთა მიერ ინიცირებულია ფოთის პორტში განვითარებული მოვლენები. ფადი ასლიმ აღნიშნა, რომ ფოთის ნავსადგური კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი პუნქტია და ის არ შეიძლება იყოს პარალიზებული გაურკვეველი პირების მიერ, რომლებსაც მანიპულაციის გზით შეცდომაში შეჰყავთ პატიოსანი და გულუბრყვილო მუშები. ასლიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს უჭერს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს, თუმცა გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმურია და პოლიტიკურ ფონზეა მოტივირებული, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის იმიჯზე.
XS
SM
MD
LG