Accessibility links

logo-print

გენერალი ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა


ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც 2004 წელს ერთხელ უკვე იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა, რომელმაც დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან არის შეთანხმებული. ჯერჯერობით გენერალური შტაბის უფროსად ფორმალურად კვლავ რჩება ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე, რომელმაც საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის 1992-93 წლების ომის მონაწილეა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. დამთავრებული აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემია. 2005 წელს იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან კონფლიქტის გამო კაპანაძეს მოუწია სამხედრო ძალების დატოვება და ცოტა ხანს პრეზიდენტის მრჩევლად, შემდეგ კი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტში აგრძელებდა მუშაობას. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე კი გენერალი კაპანაძე შედიოდა იმ „ნდობის ჯგუფში“, რომელიც სამხედრო უწყებაში გადაბარების პროცესისათვის საჭირო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გენერალი კაპანაძე ალასანიას ფავორიტია, თუმცა გაერთიანებული შტაბის უფროსად მისი დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა.
XS
SM
MD
LG