Accessibility links

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში რამდენიმე ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ. წერილების უმეტესობა არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ვითარებას, პერსპექტივებს თუ საფრთხეებს ეხება.
26 ოქტომბერს „ფაინენშლ ტაიმსში“ დაიბეჭდა აღმოსავლეთ ევროპის საკითხების ანალიტიკოსის, ნილ ბაკლის ვრცელი სტატია - „საქართველოს მილიარდერი პრემიერი“. წერილი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზეა. „შეძლებს ბიძინა ივანიშვილი - ოდესღაც საზოგადოებისგან განცალკევებით მცხოვრები მაგნატი, ახლა კი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი - ნამდვილი დემოკრატიის ფორმირებას?“ - ასე ჟღერს წერილის მთავარი შეკითხვა. თუმცა, დღევანდელი ვითარების მიმოხილვის გარდა, ავტორი პოსტსაბჭოთა საქართველოს ოცწლიან ისტორიაზეც საუბრობს და გვთავაზობს ნაწყვეტებს საქართველოს პოლიტიკოსებისგან აღებული ინტერვიუებიდან - მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძისგან. წერილიდან ვიგებთ, რომ სააკაშვილისთვის ივანიშვილის გამარჯვება მოულოდნელი იყო. ნილ ბაკლი სააკაშვილს არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჯერ ბათუმისკენ მიმავალ თვითმფრინავში და შემდეგ სადილზე გასაუბრებია. საქართველოს პრეზიდენტს უღიარებია, რომ ციხეებში პატიმრების წამების ვიდეოებმა მის წინასაარჩევნო კამპანიას დარტყმა მიაყენა და მის მიერ გატარებული რეფორმების სისუსტეები გამოააშკარავა. „მაგრამ მაინც ვთვლი, რომ კარგი შედეგი გვექნება, არჩევნებში საერთოდ თუ გამეგება რამეო“, უთქვამს საქართველოს პრეზიდენტს. ნილ ბაკლის სააკაშვილისთვის შეკითხვა იმ ბრალდებებზეც დაუსვამს, რომ მისი მმართველობის სტილში ავტორიტარული ტენდენციები იკვეთება. „როცა რესტორანში ვზივარ, ხანდახან ვიღაც მომიახლოვდება ხოლმე და მლანძღავს. და ამ ადამიანს არაფერი ემართება. ხალხს არ ეშინია აზრის გამოთქმისო“, - უთქვამს სააკაშვილს ჟურნალისტისთვის. სტატია, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ ვრცელია, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შეჯამებით მთავრდება. „ჩემი ერთადერთი მიზანი საქართველოში ნამდვილი დემოკრატიის ჩამოყალიბებაა - არა ფასადის, როგორიც წინა მთავრობის პირობებში გვქონდაო“, - უთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნილ ბაკლისთვის.

26 ოქტობერს ჟურნალ „ფორინ პოლისიში“ ჟურნალისტმა მოლი კორსომ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „საქართველო ქაოსური ძალების პირისპირ“. წერილის სათაურს ასეთი აბზაცი მოსდევს: „მიმდინარე თვეში ჩატარებული გარდამტეხი არჩევნების ფონზე, ახალი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი პრეზიდენტი ცდილობენ იპოვონ გზები საიმისოდ, რომ მათი პიროვნული დაპირისპირება ღია ბრძოლაში არ გადაიზარდოს“. მოლი კორსო წერილს იწყებს ცნობით დიმიტრი შაშკინის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ - გვიყვება თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილზე, რომლითაც ის მხარდამჭერებს დაემშვიდობა და სამომავლო დაბრუნების იმედიც გამოთქვა. თუმცა კორსო იქვე აღნიშნავს, რომ, გავრცელებული ვარაუდით, შაშკინმა ქვეყანა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით დატოვა, პატიმრების მიმართ სისასტიკის სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც იმ პერიოდს უკავშირდება, როცა საქართველოს ციხეებს შაშკინი ხელმძღვანელობდა. შემდეგ წერილში ვკითხულობთ:

„არჩევნების დიდი გამარჯვებული ექსცენტრიული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ახლა, თავისი კაბინეტის ფორმირების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრია. თავისი კარიერის განმავლობაში ივანიშვილს ბევრი იმიჯი ჰქონდა: ღარიბი ფესვებიდან წამოსული უმდიდრესი ოლიგარქის, ხელგაშლილი ფილანტროპის, იდუმალი და განცალკევებით მცხოვრები ფიგურის. მაგრამ ახლა ქართველები სვამენ შეკითხვას - აღმოჩნდება ის საკმარისად ძლიერი ლიდერი საიმისოდ, რომ მისი მმართველობის პირობებში, ღრმა დაპირისპირების გამომწვევი არჩევნების შემდეგ, ქვეყანა ერთიანი იყოს?“
სტატიის დარჩენილ ნაწილში ჟურნალისტი იმ საფრთხეებზე ლაპარაკობს, რომელიც საქართველოს შესაძლოა სუსტმა ლიდერმა შეუქმნას - მათ შორის, საზოგადოებაში კლანური სტრუქტურების გააქტიურებაზე. მოლი კორსო ივანიშვილის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა მოსაზრებებსაც გვაცნობს - მაგალითად, ეჭვს, რომ ის, შესაძლოა, მზად არ აღმოჩნდესს ადმინისტრაციის ლიდერის ყოველდღიური სამუშაოს წარმოებისთვის და არც კონკრეტული პოლიტიკური ფილოსოფია გააჩნდეს.

მოლი კორსომ 30 ოქტომბერს კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, ამჯერად ინტერნეტგამოცემა „ეურეიჟია ვიუში“. სტატიის სახელწოდებაა „იწვევს თუ არა შრომასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას ლიბერტარიანული რეფორმის ფილოსოფია“. სტატია მიმოიხილავს საქართველოში გაფიცვების ტალღას, რომელიც ჭიათურაში მაღაროელებმა დაიწყეს.

„საქართველოს შრომის კოდექსი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელად მსოფლიოში, მისი დამტკიცებიდან, 2005 წლიდან, უთანხმოების საგანია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის. კოდექსი ნომინალურად ითვალისწინებს შეკრებისა და პროტესტის უფლებებს, თუმცა მუშები უკვე დიდი ხანია ჩივიან, რომ გაფიცვების ორგანიზების შემთხვევაში მათ სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ“.

26 ოქტომბერს „ფაინენშლ ტაიმსში“ საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა - ამჯერად რეცენზია ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, დონალდ რეიფილდის ახალ წიგნზე, სახელწოდებით „იმპერიათა კიდე: საქართველოს ისტორია“. წიგნი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოდის. რეცენზიის ავტორი ტონი ბარბერი წერს:

„დონალდ რეიფილდის პანორამული „იმპერიათა კიდე“ შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომელიც გვეხმარება გავიგოთ რატომ ილტვის დასავლეთისკენ ეს სამხრეთკავკასიური ქვეყანა, სადაც 4.6 მილიონი ადამიანი სახლობს - ქვეყანა, რომელიც მტრულ და არასტაბილურ სამეზობლოშია მოქცეული. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მეოცე საუკუნის ჩათვლით, გარედან ინტერვენციით და შიგნით არსებული გაყოფით სისტემატურად იშლებოდა საქართველოს ოცნება თავი დაეღწია უფრო დიდი, არადასავლური ძალის მჩაგვრელი დომინაციისგან და სიცოცხლისუნარიანი მმართველობა შეექმნა. საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს მთელ მსოფლიოში ოფიციალურად არის აღიარებული, მაგრამ ძალადობრივმა შიდა ამბოხებებმა და 2008 წლის ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი კონფლიქტით რუსეთის მხრიდან ნაწილობრივმა დანაწევრებამ დაღი დაასვა ბოლო 20 წლის განმავლობაში მიღებულ თავისუფლების გამოცდილებას“.
XS
SM
MD
LG