Accessibility links

logo-print

პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს ორთაჭალის საპატიმროშიც


თბილისში, ორთაჭალის სასჯელაღსრულების N1 დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო 17-მა პატიმარმა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ შეიტყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს ისევ შეიკრიბნენ პატიმრების ახლობლები, რასაც წინ უძღოდა ინფორმაცია ზოგი პატიმრის მიერ პირის ამოკერვისა და შიმშილობის დაწყების შესახებ. როგორც იუწყებიან, ქსნის საპატიმროსა და ე.წ. ტუბზონის პატიმრების მშობლებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარს მიმართეს განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ პატიმრები იმყოფებიან რთულ ვითარებაში და რომ ხელმომწერები მოითხოვენ, დაკმაყოფილდეს მათი და პატიმრების მოთხოვნები მსჯავრდებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ქსნის დაწესებულების დირექტორის გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG