Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 5 ნოემბერი


”კვირის პალიტრაში”, წითელი წარწერით - ”სკანდალი!!!” ქვეყნდება ინტერვიუ ლეონარდო დევდარიანთან, სათაურით - ”ვინ ჩააბარა ახალგორი?”. მასთან საუბრის ჩაწერის სურვილი ”კვირის პალიტრას” ”ასავალ-დასავალში” გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვთან ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გაუჩნდა. ”გენერალი ბორისოვი ასახელებდა ლეონარდო დევდარიანს და ამბობდა, რომ ეს ის კაცი იყო, რომელიც აგვისტოს ომის დროს მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებასა და ყველა საკითხის გადაწყვეტაში”, - წერს შესავალში ინტერვიუს ავტორი. ლეონარდო დევდარიანი ჰყვება 2008 წლის ომის დროს საქართველოს ხელისუფლებასა და ბორისოვს შორის შუამავლობის დეტალებზე და რიგ შემთხვევებში ბრალს სდებს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას მოღალატეობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში. ლეონარდო დევდარიანი ”კვირის პალიტრის” საშუალებით სთხოვს მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს მისი ინტერვიუ ოფიციალურ ჩვენებად მიიღონ.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს დოდო უდესიან-აფრასიძესთან. ის 2004 წლის მარტში სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს: ”ეს სპეცოპერაცია იმიტომ ჩაატარეს, რომ ხალხი დაეშინებინათ. მაშინ ახალმოსულები იყვნენ ხელისუფლებაში. რატომღაც ჩემი ოჯახი ამოირჩიეს. ომეხის რაღაცა დანაშაულები ჰქონდა. ის მზად იყო ჩაბარებოდა პოლიციას. სწორედ იმ დღეებში აპირებდა თბილისში ჩასვლას, როცა ოპერაცია ჩაატარეს. ამას ძალიან ბევრი დაადასტურებს”, - ჰყვება დოდო უდესიანი-აფრასიძე. ახლა ის ოთხ შვილიშვილთან ერთად, როგორც ამბობს, ნათესავის ბინაში ცხოვრობს: ”ჩემი რძალი იმ ოპერაციის დროს გაგიჟდა. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია. ხანდახან მოგვყავს საწყალი სახლშიო”.

”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთში არსებულ სხვადასხვა კონტრაბანდისტულ კლანზე ფინანსურად იყო დამოკიდებული სააკაშვილი. ინტერვიუს მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენტს ის ორჯერ მოიხსენიებს მიშა სააკოვად. მისი ბაბუა სომეხი იყო და ”საკუთარ წარმომავლობასა და გვარს რომ მალავს, ეს არის ძალიან ცუდიო”.

”ასავალ-დასავალს” მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, რომ ”ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება!”. ჟვანიას სიკვდილის საქმეზე ”ასავალ-დასავალშივე” სხვა ინტერვიუშიც წაიკითხავთ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა დაწვრილებით ჰყვება ზურაბ ჟვანიას გვამისთვის ექსპერტიზის ჩატარების პროცესზე. ჩაჩუა დღევანდელ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ”ჟვანიას სიკვდილის მიზეზი იყო ნახშირჟანგი”, თუმცა იქვე იმეორებს, რომ არასდროს უთქვამს - ჟვანია გაზით გაიგუდაო.

”ახლა ჩემი ძმის საქმის ობიექტური გამოძიება დღის წესრიგში დადგება!” - აცხადებს კახი კალაძე. მასთან ვრცელ ინტერვიუსაც ”ასავალ-დასავალში” წაიკითხავთ.

თავის საექსპერტო საქმიანობის დეტალებსა და თავის დროზე სამსახურიდან დათხოვნის დეტალებს ”კვირის ქრონიკას” უმხელს ვიდეო და აუდიოჩანაწერების ფონოსკოპიური ექსპერტი მარიკა ტოკლიკიშვილი. ის ამბობს, რომ რიგ საქმეებზე, ძირითადად გენერალური ინსპექციისა (რომელსაც ვასილ სანოძე ხელმძღვანელობდა), მას გამომძიებლისგან მიუღია მითითება - არ დაეწერა დასკვნა ამა თუ იმ ჩანაწერის შესახებ, თუკი ექსპერტი მათ ატყობინებდა, რომ ფირი დამონტაჟებული იყო. ტოკლიკიშვილი იხსენებს, რომ ლევან კალაძის გატაცება-მკვლელობის საქმეზეც მიუტანეს ჩანაწერები, რომელთა იდენტურობის დადგენა დაავალეს, მაგრამ დაპატიმრებულთა ხმები გამომძალველის სატელეფონო ლაპარაკის ხმას არ ემთხვეოდაო.

ჟურნალი ”ლიბერალი” დღეს დევნილთა განსახლების მოუგვარებლობაზე წერს სტატიაში - ”ისევ უსახლკაროდ”. ავტორი თბილისში, ყოფილი სამხედრო ოლქის შენობას შეფარებულ, აფხაზეთიდან დევნილ რამდენიმე ოჯახზე ჰყვება. ეს შენობა დღეს ”თიბისი ბანკის” კუთვნილებაა. აგვისტოს ომის შემდეგ ის ომს გამოქცეული ადამიანების ხანმოკლე თავშესაფრადაც იყო გამოყენებული.

”ვისთვისაა ხელსაყრელი გაფიცვები სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე” – ”რეზონანსი/მთელი კვირა” დაინტერესდა ამ თემით. გაზეთს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ განუცხადა, რომ, მაგალითად, ფოთის პორტის თანამშრომლების გაფიცულებს სრულიად ადეკვატური მოთხოვნები აქვთ და ის არ არის პოლიტიკურად მართული. ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია გაფიცვაში პირდაპირ ადანაშაულებს ყოფილ ხელისუფლებას. ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი კი კითხულობს: ”ეს ხომ კერძო კომპანიაა? სად პარტია და სად კერძო სტრუქტურა?”.

”ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია” – ”24 საათი” წერს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოთქმული იდეა - 10 წლიანი საშუალო განათლების შემოღების შესახებ ახალი არ არის და რომ საჯარო სკოლებში სწავლების ორდონიანი სისტემის შემოღების იდეა 2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG