Accessibility links

logo-print

დამატებითი რესურსები გამოიყოფა კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად


საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კვლავ პრიორიტეტულია კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სრულფასოვნად ანაზღაურება და როგორც არაერთხელ განაცხადა, მზად არის დაეხმაროს კახელ გლეხებს - ნათქვამია პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მასში საუბარია აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა ჯარიმის სახით გადახდილი 80 მილიონი ლარი. ”ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე აღსრულების ბიურო, როგორც ჩანს, შეეცადა ხელი აეღო დანაშაულებრივ ქმედებაზე და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით თანხის დაბრუნების მიზეზად დაასახელა საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევები”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. მისივე ცნობით, 80 მილიონი ლარის ჯარიმის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაში რჩება. ”ცალსახად ჩანს, რომ როგორც დაჯარიმების პროცესი, ასევე მისი აღსრულება და შემდგომ ფულის უკან დაბრუნება კანონთან შეუსაბამოა, საჭიროებს მოკვლევას და ამდენად, ჭეშმარიტების დადგენამდე ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. მისივე განმარტებით, მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კახეთის რეგიონისთვის ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო ფინანსების მოძიება სცადა პრეზიდენტისა და პრემიერის სარეზერვო ფონდებსა და ბიუჯეტში, თუმცა წინა მთავრობის მიერ თანხა სრულად დახარჯული აღმოჩნდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უკვე დაიწყო კახეთის რეგიონისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის შესწავლა და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს დაზარალებულებისთვის სამართლიანი და სრულყოფილი კომპენსაციების გაცემას. დღესვე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სამინისტროს ჯგუფმა დაიწყო კახეთში სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სიტუაციის შესასწავლა, რის შემდეგაც გამოიყოფა დამატებითი რესურსები დაზარალებულთა დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG