Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ბაჩო ახალია


პროკურატურაში ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. ამის შესახებ პროკურატურასთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ. ახალაია პროკურატურაში მოწმის სახით იყო გამოძახებული. მანამდე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე“ და ამ გამოძიების ფარგლებში, როგორც მოწმეს, შეტყობინება გაეგზავნა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. ბაჩო ახალია 2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო, 2009-2012 წლებში - თავდაცვის მინისტრი. 2012 წლის ივლისიდან 4 თვის განმავლობაში ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, რომელიც პატიმართა წამებისა და გაუპატიურების სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს დატოვა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალაიამ, გავრცელებული ინფორმაციით, დატოვა საქართველო და მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო 5 ნოემბრამდე. ორშაბათს ახალაია მოულოდნელად დაბრუნდა საქართველოში და განაცხადა, რომ მზად არის უპასუხოს მის მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას, რომელსაც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა "აბსურდული" და "იდიოტური" უწოდა. ახალაიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ხვალ ან ზეგ წაუყენებენ. ახალაია წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG