Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარმა პროკურორმა განმარტა მაღალჩინოსნების დაკავების საფუძველი


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. 7 ნოემბერს დილით გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: ”ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ექვს სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს დანის ტარი თავში ჩაარტყა. აღნიშნულის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ბრიგადაში გადაიყვანა. აქ, ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სამხედრო მოსამსახურეებს, რის შემდეგაც დაზარალებულთა ფიზიკური და სიტყვიერი შეირაცხყოფა გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობის დაახლოებით 20-30 კაცის წინაშე ეზოში, ე.წ. ”პლაცზე” მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ. გუშინ და დღეს დილით, გამთენიისას გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე”. არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა, რომ დაკავებულებს ჯერ ბრალი არ წარდგენიათ და ეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში მოხდება. მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში არის მრავალი განცხადება მრავალი ეპიზოდის შესახებ, რომლებშიც დაკავებული პირები იმხილებიან დანაშაულში. თუმცა, დაკავების საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რაზეც მან ბრიფინგზე ილაპარაკა. სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება და მისი შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.
XS
SM
MD
LG