Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია ახალაიას და კალანდაძის დაკავებას გამოეხმაურა


უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ახალ ხელისუფლებას ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებაში პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყველა ნიშანს ხედავს. „კალანდაძის შემთხვევაში სახეზე გვქონდა გაცხადებული ამოცანა, რომ ის უნდა ჩანაცვლებულიყო კაპანაძით, იმის მიუხედავად რომ ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ამაზე როდესაც უარი მიიღეს, ვნახეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნით მოხდა 2008 წლის ომის გმირის ჩამოცილება და დაკავება“, - ამბობს გიგა ბოკერია. მისივე თქმით, ამ ნაბიჯებმა საქართველოს, დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით უკვე მიაყენა დარტყმა ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ - რეპუტაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნატოს მომავალი სამიტის კონტექსტში. შექმნილ ვითარებაში უშიშროების საბჭოს მდივანი ხელისუფლებას მისივე „ბრალეულობის შესამსუბუქებლად“ , ყველა ამ პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთავაზობს. სამართალდამცველებმა შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს", - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ახალაიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ, ახალაიამ ეს სამხედროები ვაზიანში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის შემადგენლობის 20-30 კაცის წინაშე სიტყვიერი შეურაცხყოფით.
XS
SM
MD
LG