Accessibility links

logo-print

ბაროზუ: საქართველოს და ევროკავშირის დასაახლოებლად კონკრეტული ნაბიჯები არსებობს


ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია
ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. დღეს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს. მასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავაღრმავოთ და დავაჩქაროთ ეს პროცესები”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბაროზუმ, თავის მხრივ, საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების ფორმის გამო შეაქო პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და პრეზდიენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით:
"[საქართველოს და ევროკავშირის დასაახლოებლად] კონკრეტული ნაბიჯები არსებობს. ახლა მხოლოდ დიპლომატიურ ჟესტებზე არ ვლაპარაკობ. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვაჭრობის [ლიბერალიზაციაში] ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, საინვესტიციო საკითხებზე, ასევე ვიზების ლიბერალიზაციაზე და გადაადგილების საკითხებზე. ამასთან, ჩვენ იმ ფინანსურ დახმარებაზეც ვისაუბრეთ, რომელსაც საქართველოს გამოვუყოფთ. რაც, ცხადია, დამოკიდებულია ევროპული ღირებულებების მიმართ ჩვენს ერთგულებაზე“. 14 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში 11 ნოემბერს გაემგზავრა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მიერ “ფეისბუკით” გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში არ დახვედრიან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ მგალობლიშვილი.
XS
SM
MD
LG