Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო განიხილავს გიორგი კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას


დღეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განმარტა მიზეზი, რომლის გამოც თავდაცვის და შს-თა ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს წარედგინათ ახალი ბრალდებები, მათ შორის ახალაის შემთხვევაში, წამების მუხლითაც. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 2010 წლის თებერვალში გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17 თანამშრომელი, რომლებმაც ღამით მორიგეობის მიზეზით უარი თქვეს დილის ვარჯიშზე, თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, დასჯის მიზნით თბილისიდან გადაიყვანეს სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე. კბილაშვილის ცნობით, ახალაიამ, კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა 17 ჯარისკაცს და ოცეულის 2 მეთაურს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ახალაიას ბრძანებით წელზევით გააშიშვლეს და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სიცივეში არბენინეს. მთავარი პროკურორის ცნობითვე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურები ჩაკეტეს აბანოში, გამოურთეს გათბობა და ასე ამყოფეს 3 დღისა და 2 ღამის განმავლობაში. კბილაშვილის განცხადებით, ახალაიასა და კალანდაძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია 19-ივე სამხედრო მოსამსახურის და სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებით. მთავარი პროკურორის განმარტებით, ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება, და დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი. რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.
XS
SM
MD
LG