Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა


ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა „კონსტრუქციული და პოზიტიური“ უწოდა. “საქართველო რჩება ერთგულ და ახლო პარტნიორად ნატოსთვის. თქვენ გაქვთ მისწრაფება, შეუერთდეთ ჩვენს ალიანსს. პრემიერ-მინისტრო, მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ თქვენი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ, რომ ნატოსაც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი უმაღლესი რანგისაა”, - განაცხადა რასმუსენმა. მისივე თქმით, ამ თემებზე მიმდინარე კვირის დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილსაც ესაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოსათვის გაწეული დახმარებებისათვის და თავის მხრივ დაადასტურა ევროატლანტიკური კურსის ურყევობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოხატა მწუხარება იმ დაპატიმრებების გამო, რისი განხორციელებაც ახალ ხელისუფლებას მოუხდა. „აბსოლუტურად იდენტურია გენერალური მდივნის და ჩემი პოზიცია, რომ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური დევნა და არ უნდა დაისვას მსგავსი კითხვები არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მე მივეცი ამის პირობა, რომ არ იქნება შერჩევითი სამართალი საქართველოში, მაგრამ სამართალი იქნება. ვინც დააშავებს და ვისაც აქვს კანონდარღვევა, ის აუცილებლად დაისჯება”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG