Accessibility links

logo-print

4 იანვარს გაიმართება ახალაიასა და კალანდაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა


თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განმარტა მიზეზები, რომელთა გამოც ახალი ბრალდებების საფუძველზე პროკურატურის შუამდგომლობა ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილა. სასამართლოს განმარტებით, 13 ნოემბერს 10 ათასი ლარის გირაოთი კალანდაძის გათავისუფლებისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულს 9 ნოემბერს შეეფარდა 20 ათასი ლარის გირაო, რომლის პირობებიც არ დაურღვევია და პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა პროკურატურასა და სასამართლოში. საქალაქო სასამართლო გარემოებათა შორის ასახელებს იმასაც, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემრულებლი კალანდაძეს დადებითად ახასიათებს, მას ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი და საქართველოში აქვს მუდმივი საცხოვრებელი. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, საქმესთან შეხების მქონე პირებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეეფარდა, სასამართლო განმარტავს, რომ მხედველობაში მიიღო მისი მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლის და მიმალვის საფრთხე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ინტერესი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ახალაიას და კალანდაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 4 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG