Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში მდგომარეობა იძაბება


ჰამასის მებრძოლების მიერ ისრაელის სამხრეთში ნასროლ ათობით რაკეტას ისრაელის სამი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. პარალელურად, ისრაელის სამხედრო უწყებამ გააძლიერა შეტევა ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორზე. ისრაელელების სიკვდილი მოჰყვა ღაზიდან 25 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქში შენობის დაბომბვას. ეს ისრაელის მხრიდან პირველი მსხვერპლია მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ამ ქვეყნის სამხედროებმა ჰამასის სარაკეტო თავდასხმების საპასუხო ოპერაცია წამოიწყეს. ისრაელის პოლიციის პრეს-მდივანმა, მიკი როზენფელდმა თავდასხმა ბიბისისთან საუბარში ასე აღწერა: „შენობის ზედა ნაწილს პირდაპირი დარტყმა მიაყენეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთ ბინაში ოჯახი იმყოფებოდა - წყვილი. გვერდით ბინაში კი ერთი ქალი იყო. შეტევა პირდაპირი იყო და მათ არ ჰქონდათ დრო უსაფრთხო ადგილზე გადასვლისთვის. რაკეტების დაცემამდე არსებული 30 წამი არ იყო საკმარისი - და სამივე დაიღუპა“.ოთხშაბათს ისრაელის ძალებმა მოკლეს ჰამასის სამხედრო ლიდერი, აჰმედ ალ-ჯააბარი და ღაზას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევა მოუწყვეს - რასაც 13 ადამიანი შეეწირა. პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს განაცხადა, ისრაელი მზად არის ოპერაცია გააფართოვოსო. ოთხშაბათს გვიან ღამით ვითარებაზე სასაუბროდ სასწრაფო წესით შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო. შეხვედროს შემდეგ საბჭო ძალადობის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა - თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.
XS
SM
MD
LG