Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა დადგენილად აცხადებს ფარული ჩანაწერების გავრცელების გარემოებებს


საქართველოს პროკურატურა გამოძიებით დადგენილად აცხადებს საპარლამენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესიკ სურმავას სახელით ინტერნეტით ფარული ჩანაწერების გავრცელების გარემოებებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა "ქართული ოცნებიდან" მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალა, რომლის გამოქვეყნება გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას კოალიციის ლიდერთა მიმართ. კბილაშვილის ცნობით, კვარაცხელიამ შეარჩია რამდენიმე პოლიტიკური პირის ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული საუბარი, გადაიტანა შესაბამის დისკებზე და იმავე საღამოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შევიდა. მთავარი პროკურორის განცხადებით, 27 სექტემბერს ხიზანიშვილმა კვარაცხელიას დაავალა, რომ შერჩეული საუბრები ინტერნეტით გაევრცელებინა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესიკ სურმავას სახელით. კბილაშვილის განმარტებით, კუდ-ის თანამშრომლებმა სურმავა მომხმარებლად დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც Youtube-ზე აიტვირთა და 27, 28 და 29 სექტემბერს გამოქვეყნდა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალები. კბილაშვილის განმარტებითვე, ივანიშვილის დაცვის წევრის გამოყენებამდე კუდ-ის თანამშრომელებმა უკანონოდ მოიპოვეს და შანტაჟისთვის გამოიყენეს ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომლის გამოქვეყნების შიშით სურმავა დათანხმდა კუდ-ის მიერ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრები მისი სახელით გავრცელებულიყო. გამოძიების ინფორმაციით, 27 სექტემბერს, გამთენიისას ბესიკ სურმავა კუდ-ის თანამშრომლებმა გადაიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც მისი წახალისების მიზნით შოთა ხიზანიშვილმა მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვახტანგ ბოჭორიშვილს დაავალა, რომ სურმავასთვის შსს-ს სახელით შეეთავაზებინა 100 ათასი დოლარი. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ბესიკ სურმავასთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ მას გასამრჯელოს სახით მოდულის შენობაში გადაუხადეს 150 ათასი ევრო, რომელიც სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული თანხა იყო. მთავარი პროკურორის ცნობით, ფულის მიღების შემდეგ სურმავას გადაეცა წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომლის შინაარსიც მან ვიდეოკამერის წინ გამოთქვა. კბილაშვილის განცხადებითვე, ამის შემდეგ ის გადაიყვანეს აჭარაში, სადაც რამდენიმე დღით აღუკვეთეს თავისუფლება. ჟურნალისტების შეკითხვას, სურმავას სახელით გავრცელებული ჩანაწერების ავთენთურობის შესახებ, არჩილ კბილაშვილმა უპასუხა, რომ ეს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
XS
SM
MD
LG