Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ 2014-2020 წლების ბიუჯეტს


ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან ბლოკის მომდევნო, 2014-2020 წლების ბიუჯეტზე რთული მოლაპარაკებების გასამართად. ბრიტანეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები, რომლებსაც დიდი წილი შეაქვთ ბიუჯეტში, ითხოვენ წილის შემცირებას, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტების შემცირების გათვალისწინებით. როგორც შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, მოლაპარაკება ძალიან მნიშვნელოვანია: „ნათელია, რომ მაშინ, როცა შინ გვიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება საბიუჯეტო ხარჯებზე, სავსებით არასწორი იქნებოდა და სავსებით არასწორია წინადადებები ევროკავშირში ხარჯების გაზრდის შესახებ. ამიტომ ჩვენ ძალიან მტკიცედ დავიცავთ ჩვენს პოზიციას მოლაპარაკებებზე, რათა მივაღწიოთ კარგ შეთანხმებას გადასახადების ბრიტანელი გადამხდელებისათვის და გადასახადების ევროპელი გადამხდელებისათვის“, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. მაგრამ ბლოკის შედარებით ღარიბი, აღმოსავლეთევროპელი წევრები მოითხოვენ ბიუჯეტის დატოვებას ამჟამინდელ დონეზე, ან მის გაზრდას. საფრანგეთი ეწინააღმდეგება სოფლის მეურნეობის სფეროში სუბსიდიების შეკვეცას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ სურთ, დაუშვან ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად განკუთვნილი ხარჯების შეკვეცა. ევროკავშირის პრეზიდენტი, ჰერმან ვან რუმპე უკვე გამოვიდა წინადადებით ევროკომისიის ბიუჯეტის 80 მილიარდი ევროთი შეკვეცის შესახებ. ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტზე მოლაპარაკებები კვირის ბოლომდე, ან კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG