Accessibility links

ეგვიპტის საფონდო ბირჟები 9 პროცენტით დაეცა პრეზიდენტის ბრძანებულებაზე საპროტესტო რეაქციის ფონზე


კვირას ეგვიპტის საფონდო ბირჟები 9 პროცენტით დაეცა მას მერე, რაც პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მიერ თავისთვის უფლებამოსილებების გაზრდის გადაწყვეტილებას შეტაკებები მოჰყვა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. შაბათ საღამოს ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლებში კაიროში, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ. როგორც იტყობინებიან, უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს მათ დასაშლელად. მანამდე ეგვიპტის მოსამართლეთა ასოციაცია გამოვიდა მოწოდებით, მურსის ბრძანებულების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შეწყდეს მუშაობა ყველა სასამართლოსა და პროკურატურაში. მათი თქმით, პრეზიდენტის ეს დეკრეტი ეგვიპტის სასამართლო სისტემაზე თავდასხმაა. ბრძანებულება, რომელიც ხუთშაბათს გამოიცა, პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას იცავს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან, სანამ ახალი პარლამენტი იქნება არჩეული. ამავე დროს ის სასამართლოებს უკრძალავს ახალ კონსტიტუციაზე მომუშავე ორგანოს, საკონსტიტუციო ასამბლეის დაშლას, რომელშიც ისლამისტები დომინირებენ.
XS
SM
MD
LG