Accessibility links

logo-print

პროკურატურა სწავლობს გიგი უგულავას მივლინებათა ამსახველ დოკუმენტაციას


მთავარი პროკურატურა თბილისის მერის მივლინებათა ამსახველ დოკუმენტაციას სწავლობს. ამის შესახებ ცნობილი გახდა პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტისთვის გიგი უგულავას მიერ გაგზავნილი წერილიდან, რომელიც თბილისის მერიამ დღეს გამოაქვეყნა ოფიციალურ ვებსაიტზე. ”მერის, როგორც დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირის ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ეჭვს ბადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებით გავრცელებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ამასთან, თქვენ მიმართვაში მითითებულიც კი არ არის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება”, - ნათქვამია უგულავას წერილში. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ პროკურატურის ”ზერელე დამოკიდებულება გამოძიების პოლიტიკურ შინაარსზე მეტყველებს,” თუმცა აცხადებს, რომ მზად არის ხელი შეუწყოს საქმის გამოძიებას და სიმართლის გარკვევას. ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მერი არ არის ვალდებული მისი ოფიციალური ვიზიტის მიზნები სამართალდამცავებს განუმარტოს, გვინდა იცოდეთ, რომ 2011-2012 წლებში აშშ-ში, მათ შორის ლას ვეგასში თანამდებობის პირებთან გაიმართა შეხვედრები, რომელთა მიზანი იყო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის, ადგილობრივი საგადასახადო მიდგომების, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცდილების გაზიარება”, - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში. თბილისის მერი აღნიშნავს, რომ ვიზიტებისას შეხვდა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული კორპორაციების პრეზიდენტებსაც. რაც შეეხება ხარჯებს, უგულავას წერილის თანახმად, თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსებული იყო მხოლოდ მერისა და მისი თანაშემწის მივლინება. პროკურატრის კიდევ ერთ მოთხოვნას ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" ხარჯების ამსახველი დოკუმენტაციის გაგზავნის შესახებ, გიგი უგულავა პასუხობს, რომ ფონდი არ არის მერიის სისტემაში და დოკუმენტაცია არ ინახება ქალაქ თბილისის მერიაში.
XS
SM
MD
LG