Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრა 27 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. ”ზოგ შემთხვევაში დიპლომატიასაც ვივიწყებდით და ძალიან მეგობრული და თბილი შეხვედრა გვქონდა”, - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა მედიას შეხვედრის შემდეგ. მასზე განიხილეს საქართველოსა და შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობები, რაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, კიდევ უფრო გაღრმავდება ახალი ხელისუფლების პირობებში: ”გაცილებით საიმედო და კომფორტული იქნება ჩვენი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. აშშ-ის მხრიდანაც იქნება ძალიან დიდი მცდელობა იმისა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩვენც მივაღწიოთ ჩვენს დიდ მიზნებს - გავხდეთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის რეალური წევრი.” საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებზე თავად ერიკ რუბინმაც ისაუბრა. მისი თქმით, წარმატებული თანამშრომლობის საგანგებო მაგალითს წარმოადგენს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთობლივი ღვაწლი ავღანეთში, სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც ერთგულად დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში და მიესალმება საქართველოს სურვილს - ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან რეგიონში. ამასთან, ერიკ რუბინის თქმით, შეერთებული შტატები მუდამ მზად არის დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებას - ეკონომიკურ განვითარებასთან და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში.ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი საქართველოს 27 ნოემბერს, დილით ესტუმრა. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად ფუნქციონირებს. შეხვედრების გამართვა დაგეგმილია როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG