Accessibility links

„ევროკავშირის მკაცრი გაფრთხილება“ - ამ სათაურით აქვეყნებს 27 ნოემბრის „რეზონანსი“ მეწინავე სტატიას, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის კეტრინ ეშტონის ვიზიტს ეხმიანება და რომელიც ევროპელი სტუმრის შემდეგი ციტატით იწყება: "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაცული იყოს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თავისუფლება. ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. წარსულში ჩადენილი დარღვევების გამოძიება უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად“. კეტრინ ეშტონის ამ განცხადებისა და ვიზიტის შესაფასებლად გაზეთის რედაქცია პოლიტოლოგებს - ხათუნა ლაგაზიძესა და კორნელი კაკაჩიას დაუკავშირდა. ლაგაზიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტური მუშაობის შედეგია ის, რომ საქართველოში სამართლის აღდგენას დასავლეთი პოლიტიკური დევნის კვალიფიკაციას აძლევს. კაკაჩიას აზრით კი, ევროკავშირი ცდილობს საქართველოში უკრაინის მსგავსი პროცესები არ დაიწყოს და ქვეყანამ უკან არ დაიხიოს დემოკრატიის განვითარების მიმართულებით.

„ახალი თაობა“ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სტალინის ძეგლის დაბრუნების შესახებ წერს. ძეგლი საპარლამენტო არჩევნებამდე, სოფლელთა თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა აქტივისტებმა აიღეს. სტატიაში მოტანილია ზემო ალვანის რწმუნებულის დავით ქააძის კომენტარი მომხდართან დაკავშირებით: „გუშინ დილით რომ გამოვედი სოფელში, დავინახე, რომ სტალინის ძეგლი აღდგენილი იყო. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ძეგლის აღდგენის მომხრე ვიყავი.მის დემონტაჟს მხარს არ ვუჭერდი“.

სტალინის ძეგლის დადგმას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს მიაწერს ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე, რომლის თქმითაც, ძეგლი იმ ხალხმა დააბრუნა, ვინც რამდენიმე თვის წინ აიღო. „ამათ სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს ახალი ხელისუფლება სტალინის ძეგლებს აბრუნებს. სულ ასეთი კაგებეშნიკური მეთოდებით მოქმედებენ, მაგრამ აღარ გაუვათ“, უთქვამს ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარეს „ახალი თაობის“ კორესპონდენტისათვის.

„საქართველოს რესპუბლიკა“ მკითხველს სთავაზობს ვრცელ ინტერვიუს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძესთან, რომლის თქმითაც, დევნილთა გახშირებული შეჭრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. მინისტრის თქმით, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 1000 ოჯახი იკავებს უკანონოდ ფართობს, ჯამში კი, ბინით დაკმაყოფილებას 60 ათასი ადამიანი ითხოვს: „ამ ადამიანებს სჭირდებათ საცხოვრებელი ფართები, ფართებს კი - თანხა. ფული კი, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლადაა საჭირო, ჯერ არ ჩანს. არადა, ეს ფული დიდ რიცხვში გამოხატული თანხაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავბედეთ და დავიწყეთ საუბარი ოთხწლიან პროგრამაზე, რომ ჩვენს საარჩევნო ვადაში, ანუ 2016 წლის ბოლომდე, დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი უნდა მოგვარდეს“.
XS
SM
MD
LG