Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 27 ნოემბერი, 2012 წ


რუსეთში გამომავალი „იზვესტია“ ვრცელ ადგილს უთმობს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების ანალიზს და სტატიის სათაურად გამოაქვს შემდეგი სახის დასკვნა: „ივანიშვილთან დამარცხებული სააკაშვილი რევანშს იღებს დასავლეთის ფრონტზე“. სტატიაში საუბარია საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა გახშირებულ დაპატიმრებასა და დასავლეთის რეაქციაზე. გაზეთის რედაქციას სააკაშვილის მომხრე ინკოგნიტო რესპონდენტმა განუცხადა, რომ ახალ ხელისუფლებასთან მუშაობის ერთი თვის თავზე დასავლეთმა „ქართული ოცნების“ მთავრობას ყვითელი ბარათი უჩვენა იმის გამო, რომ დაკავებათა უმეტეს შემთხვევაში თვალშისაცემია პოლიტიკური ანგარიშსწორების ელემენტი. „იზვესტია“ ასევე ესაუბრა ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ რუსულ გაზეთს განუცხადა, რომ ახალი ხელისუფლების ქცევამ შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს სწრაფვას ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს სახელს უტეხენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და სააკაშვილის მიერ დანიშნული ელჩები.

„დასავლეთს ინფორმაცია, ძირითადად, სააკაშვილის მომხრეებისგან მიეწოდება, რაც დიდ პრობლემას გვიქმნის. ჩემი მონაცემებით, ელჩების შეცვლის პროცესი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრსა და უშიშროების საბჭოს შორის განიხილებოდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაჩერა“, უთხრა თედო ჯაფარიძემ „იზვესტიას“.

„კომერსანტი“ კი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესაძლებლობაზე წერს. საუბარია დათა ახალაიასა და ვასილ სანოძის ფიქტიური გადაყენების გამო დაწყებულ მოკვლევაზე. გაზეთის რედაქცია დასკვნის სახით სთავაზობს მკითხველს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ექსპერტის ნიკა იმნაიშვილის ანალიზს: „ვანო მერაბიშვილის დაკითხვა და დაპატიმრება უდავოდ იქნება ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთით ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილის მკვეთრი რეაქციის პროვოცირება მოახდინოს. მისი დაპატიმრება აღიქმება როგორც სააკაშვილის გუნდის სრული განადგურების დასაწყისი. შესაბამისად, თავის გადარჩენის მიზნით პრეზიდენტი, სავარაუდოდ, დაითხოვს მთავრობას“, ვკითხულობთ „კომერსანტში“.

საქართველოზე წერს კიდევ ერთი რუსული გამოცემა - „ნოვაია გაზეტა“, რომელიც მკითხველს სთავაზობს რეპორტაჟს თბილისიდან. სტატიის სათაურია: „თბილისი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ“, ქვესათაური: „როგორ დამარცხდა რუსეთი საქართველოსთან ცივ ომში“.

სტატიაში ვრცელი ადგილი ეთმობა თბილისის ყოფას, მის ქუჩებში მოსიარულე ადამიანებთან საუბარსა და ქალაქურ კოლორიტს. სტატიის ავტორი ასევე ეხება რუსეთისა და საქართველოს უკიდურესად გაუარესებულ ურთიერთობას, რომლის გამოსწორების საშუალებაც 1 ოქტომბრის არჩევნებმა გააჩინა, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი ამბობს, რუსეთის ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც გულგრილობა გამოიჩინა:

„საქართველოს ახალი ლიდერის გამარჯვება ფე-ეს-ბედან რომ ყოფილიყო ინსპირირებული, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2 ოქტომბერსვე აღდგებოდა, მაგრამ რადგანაც ეს იყო საქართველოს ხალხის დემოკრატიული არჩევანი, რუსეთის ხელისუფებამ კეთილი ნების გამოვლენის ყველანაირი სურვილი დაკარგა. ერთადერთი გამონაკლისი იყო მთავარი სანიტარული ექიმი ონიშჩენკო, თავისი ბუნდოვანი გამონათქვამით ქართული ღვინის შესაძლო დაბრუნების შესახებ“.

სტატიის ავტორი ასევე შეცდომად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. როგორც ყოველთვის, ვუმიზნებდით ხელისუფლებას, მაგრამ ვაზარალეთ ხალხი, რითაც თითქმის დავკარგეთ ეს ქვეყანა, უპირველეს ყოფლისა, როგორც რუსული კულტურისა და ენის გავრცელების არეალი. სტატიას საქართველოს შესახებ „ნოავაია გაზეტაში“ წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG