Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს პატიმარ თეთრაძის წამებაში ბრალდებული პირები


საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სერგო თეთრაძის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე ბრალდებული. თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე თბილისში დააკავეს 2011 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც მისმა ოჯახმა ექვს დღეში შეიტყო, რომ თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა გლდანის საპყრობილეში. ოთხშაბათს საქართველოს მთავარი პროკურორმა თბილისში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2012 წლის 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება ბრალდებულ სერგო თეთრაძის გარდაცვალებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. კბილაშვილის განცხადებით, „საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსი ტერაშვილმა უჩვენა, რომ მერვე დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსის, ოლეგ ფაცაციას და იმავე დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის, ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით, მან და პატიმარმა სისაურმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა - სცემდნენ, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს ძალადობა: დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, წამება, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გონმოუსვლელად გარდაიცვალა“, განაცხადა კბილაშვილმა. მისივე თქმით, დადგინდა ისიც, რომ „დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას“. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG