Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ „ექსტრემისტულად“ მიიჩნია „პუსი რაიოტის“ ვიდეო


მოსკოვში სასამართლომ „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა ფემინისტების პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ვიდეოები. სასამართლოს მიერ ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა შეიზღუდოს სარგებლობა ყველა ვებსაიტით, რომლებზეც შესაძლებელია „პუსი რაიოტის“ ვიდეოების ნახვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორის“ ხელმძღვანელის, პაველ ჩიკოვის შეფასებით, სასამართლოს ვერდიქტი მიმართულია რუსეთში კონსტიტუციით გარანტირებული, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება, კონკრეტულად, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გადაღებულ გახმაურებულ ვიდეოს, „ღვთისმშობელო განდევნე პუტინი“, ჩიკოვი განმარტავს: „ ეს ვიდეო შევა ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში, რომელიც ქვეყნდება რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე. ამის შემდეგ, ამ ვიდეომასალის გავრცელება ან გამოქვეყნება დაარღვევს რუსეთის კანონმდებლობას და შესაბამის ორგანოებს შეეძლებათ მოითხოვონ მისი მოხსნა, ან დაბლოკონ მასზე ხელმისაწვდომობა. პირველ რიგში საუბარია, უდავოდ, ვიდეოპორტალ იუტიუბზე“, განმარტავს ორგანიზაცია „აგორას“ ხელმძღვანელი. "პუსი რაიოტის" მიერ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გადაღებული, პრეზიდენტ პუტინის მიმართ კრიტიკული ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა პანკ-ჯგუფის სამი წევრის გასამართლება. მათგან ორი - მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ამჟამად ორწლიან პატიმრობას იხდიან „რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობისათვის“. ჯგუფის მესამე წევრი, ეკატერინა სამუცევიჩი თავდებით გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG