Accessibility links

logo-print

დასრულდა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ვიზიტი


აშშ-ის შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოდგილემ ევროპასა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინმა საქართველოში ვიზიტის ბოლოს დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფების მიმართ. ამ საკითხს ერიკ რუბინი შეეხო პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძეც, რომელმაც ჟურნალისტებს გააცნო თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული განცხადების ტექსტი. განცხადებაში ჩამოთვლილია აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის საუბარია ქართველი სამხედროების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის გაგრძელებაზე, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართული კონტიგენტის მონაწილეობაზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ნატოსთან ინტერგაციის კუთხით. ერიკ რუბინი 27 ნოემბერს ესტუმრა საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერიკ რუბინი ხუთშაბათს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
XS
SM
MD
LG