Accessibility links

logo-print

კოსოვოში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს


კოსოვოში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რამუშ ჰარადინაის, რომელიც დღეს უდანაშაულოდ ცნო გაეროს ტრიბუნალმა. ჰარადინაის წაყენებული ჰქონდა კოსოვოში კონფლიქტის პერიოდის სამხედრო დანაშაულების ბრალდება. ტრიბუნალის თავმჯდომარე მოსამართლის, ბაკონ მოლოტოს განმარტებით: „არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რამუშ ჰარადინაი მოითხოვდა, ან ავალებდა კოსოვოს გათავისუფლების არმიის ჯარისკაცებს, რომლებმაც სოფელ ჟაბელიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს კოსოვოს მკვიდრნი, ნასერ ლიკა და ფადილ ფაზილუ, რომ ეს ქმედებები ჩაედინათ და ან რომ ჰარადინაიმ ხელი შეუწყო ამ დანაშაულს ან სხვები წააქეზა ამ დანაშაულისაკენ“. ტრიბუნალის მიერ უდანაშაულოდ გამოცხადების შემდეგ, ჰარადინაი საღამო ხანს ჩაფრინდა კოსოვოში, სადაც პირობა დადო, რომ პოლიტიკაში დაბრუნდება. გაეროს ტრიბუნალმა ხუთშაბათს უდანაშაულოდ ცნო კიდევ ორი ბრალდებული, იდრიზ ბალაი და ლაჰი ბრაჰიმაი, რომლებსაც ჰარადინაისთან ერთად ასამართლებდნენ. სამივე პირი ბრალდებული იყო ეთნიკური სერბების მკვლელობასა და წამებაში 1998-1999 წლებში სერბიისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას. სამივე უარყოფდა ბრალდებებს. დღევანდელი ვერდიქტი არის ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო დანაშაულთა გაეროს ტრიბუნალზე საქმეების ხელახლა განხილვის პირველი შემთხვევის შედეგი. 2008 წლის სასამართლო პროცესზე ჰარადინაი და ბალაი გაამართლეს, ხოლო ბრაჰიმაის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ვერდიქტები და მოითხოვა საქმის ხელახლა განხილვა, პროკურატურის მოწმეებზე ზეწოლის პრობლემის გამო.
XS
SM
MD
LG