Accessibility links

logo-print

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დააკავეს პატრულის ყოფილი მაღალჩინოსანი


საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დააკავეს საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე. მას ბრალად სდებენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში, ისევე როგორც ჩვენების მიცემის იძულებაში. საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც პოლიციის იმიჯის შელახვის თავიდან ასაცილებლად ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, კბილაშვილის თქმით, მიქაძემ, სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით შემთხვევის ადგილზე მიიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ეს იარაღი დაალაგეს შემთხვევის ადგილზე და შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდა ბუტა რობაქიძესთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას. გამოძიებამ მათგან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც ახალგაზრდებს წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დღესაც განხილვის სტადიაშია. კბილაშვილის განცხადებით, „ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეს (...) ახალგაზრდებს, ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს".
XS
SM
MD
LG