Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ მას ვერც სამხედრო თავდასხმა შეაწყვეტინებს ურანის გამდიდრებას


ირანი აცხადებს, რომ სამხედრო თავდასხმა მას ვერ ააღებინებს ხელს ურანის გამდიდრებაზე. როგორც პარასკევს ვენაში უთხრა ჟურნალისტებს ირანის ელჩმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში, ალი ასღარ სოლთანიემ, ირანი ისევ ააშენებდა თავდასხმის შედეგად განადგურებულ ცენტრიფუგებს. სოლთანიემ ეს განცხადება გააკეთა ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. უფრო ადრე მან თქვა, რომ ირანი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსაგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს გამოძიება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდეს. ალი ასღარ სოლთანიეს თქმით, თეირანმა უკვე უპასუხა ყველა შეკითხვას მის ბირთვულ პროგრამაზე. მისივე განცხადებით, სააგენტოს არ უპოვია მტკიცებულებები და გამოძიების გაგრძელების მიმართ ინტერესი აქვთ მხოლოდ დასავლეთის სახელმწიფოებს, უწინარეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებს. სოლთანიეს ამ გამოსვლის შემდეგ საეჭვოა, შესაძლებელი იყოს ირანთან თანამშრომლობაზე შეთანხმება 13 დეკემბერს, როცა თეირანში ჩავა ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ოფიციალური დელეგაცია.
XS
SM
MD
LG