Accessibility links

ბოკერია შეშფოთებას გამოთქვამს ივანიშვილის და ხადურის განცხადებების გამო


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია, „შეშფოთებას და გაკვირვებას“ გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო იმის თაობაზე, რომ უშიშროების საბჭოს მიერ გაწეული ხარჯები გამჭვირვალე არ იყო და, შესაძლოა, სოლიდური საბიუჯეტო თანხა - წელს 16 მილიონი ლარი - დაიხარჯა საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესზე. ბოკერიას განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. „როგორც ირკვევა, საქართველოს ახალ მთავრობასა და მის მეთაურს მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონ პოსტის ან ნებისმიერი სხვა, რეპუტაციის მქონე გამოცემის სარედაქციო პოზიციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი ან მის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიები განსაზღვრავენ“ - წერს ბოკერია და დასძენს - „უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის წევრების მიერ კრიტიკული აზრის მიმართ გამოჩენილი შეუწყნარებლობა. აღნიშნული ასევე ცხადყოფს, რომ პრემიერ-მინისტრს არ ესმის, თუ როგორ მუშაობს მედია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროში“. გიგა ბოკერიას განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი. დღეს უფრო ადრე ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ 16 მილიონის დახარჯვა დაადასტურა ფინანსთა მინისტრმაც. ნოდარ ხადურის თქმით, ეს თანხა მიმდინარე წელს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას მოხმარდა. ”24 მილიონი ლარის ნაცვლად, მომავალი წლის ბიუჯეტში მილიონ 800 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული უშიშროების საბჭოსთვის”, - აცხადებდა ხადური.
XS
SM
MD
LG