Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილს დაკითხავენ ყალბი დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ივანე მერაბიშვილს დაკითხავენ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 1 დეკემბერს გაავრცელა სამინისტრომ. საქმე ეხება 30 ნოემბრის ინციდენტს, როცა ივანიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მიემგზავრებოდა ერევანში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინეს მერაბიშვილის პასპორტი. კონტროლიორმა კი კანონით დადგენილი პროცედურის გავლისას აღმოაჩინა, რომ პასპორტი გაცემული იყო სხვა პირის, ლევან მაისურაძის სახელზე, მერაბიშვილის ფოტოსურათით. დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, "იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება, წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა". სამინისტროს განცხადებით, ივანე მერაბიშვილს გამოიძახებენ და დაკითხავენ ამ საქმესთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG