Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილმა დაკითხვის შემდეგ დატოვა შსს


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თქმით, დასანანია, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიცია გამოყენებულია, როგორც "რეპრესიული მანქანა ოპოზიციური აზრის და ოპოზიციის წინააღმდეგ". მერაბიშვილმა ეს შეფასება გამოთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროში შაბათს, დაახლოებით, ორსაათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ. "ძალიან სიმბოლური იყო ჩემი ყოფნა პოლიციაში. მე სიამაყით მევსება გული, როცა ვხედავ საქართველოს პატრულს და, რა თქმა უნდა, დასანანია, რომ დღეს პოლიცია, შსს ივანიშვილის მიერ გამოიყენება, როგორც რეპრესიული მანქანა ოპოზიციური აზრის და ოპოზიციის წინააღმდეგ", - განაცხადა მერაბიშვილმა. ის ჟურნალისტებთან საუბარში არ შეხებია მისთვის დაკითხვისას დასმულ შეკითხვებს და არ უსაუბრია კონკრეტულ ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც დაკითხვაზე დაიბარეს. იუწყებიან აგრეთვე, რომ მერაბიშვილის დაკითხვის მსვლელობაში, სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც მერაბიშვილს სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ და მის დაპატიმრებას მოითხოვდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე.
XS
SM
MD
LG