Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილი: ნატომ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ეროვნული პროგრამის განხორციელება


ნატომ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ 2012 წლის ეროვნული პროგრამის განხორციელება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, შესაბამის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო განაგრძობს წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტურად გამოყენებას, საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა კი შეფასებულია როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე და მიღწევა რეგიონის ისტორიაში. ამასთან, პეტრიაშვილის განცხადებით, ნატო აკრიტიკებს წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზებას, ძალის გადამეტებისა და ზეწოლის შემთხვევებს და ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებას და დაჯარიმებას. სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს ძალისხმევას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ და პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. "სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ნატო კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს როგორც ალიანსის არა წევრი ქვეყნის წვლილს ავღანეთის ოპერაციაში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, დოკუმენტს თან ახლავს რეკომენდაციები რეფორმების გაღრმავების შესახებ, რომლებიც შეეხება თავდაცვის და სამართლებრივ სისტემებს და მედიას. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველო სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავებს მომავალი წლის ეროვნულ პროგრამას.
XS
SM
MD
LG