Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი პირი დააკავეს სერგო თეთრაძის საქმეზე


პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურამ დააკავა კიდევ ერთი პირი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი სერგო ბიწაძე, რომელიც მანამდე გლდანის საპატიმროში მუშაობდა. ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბიწაძეს ოფიციალურად უკვე წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება. სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. თადარიგის ოფიცერი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა შარშან, 17 სექტემბერს თბილისში დააკავეს, 6 დღის შემდეგ კი მის ოჯახს აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება, რომელიც შარშან შეწყდა, მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომელთა თანახმად, პოლკოვნიკი თეთრაძე სასტიკად ცემის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების განახლების შემდეგ ოფიციალური ბრალდება წარდგენილი აქვს სამ პირს. ამავე საქმეში ფიგურირებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც ჯერ კიდევ სექტემბერში დააკავეს პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის საჯაროდ გავრცელების შემდეგ.
XS
SM
MD
LG