Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტრომ საჯარო გახადა ”ავტომატების საქმე”


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საჯარო გახადა ე.წ. ავტომატების საქმე, რომელიც დღემდე გრიფით საიდუმლო იყო. სამინისტროს განცხადებით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმებით გაირკვა, რომ ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში სამხედრო უწყებამ შეიძინა გასული საუკუნის შუა პერიოდში წარმოებული მეორადი, ხელახლა შეღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ დოკუმენტების თანახმად, 1 ავტომატში გადახდილია 290 ევრო მაშინ, როდესაც იარაღის საბაზრო ღირებულება 50 ევროს ფარგლებშია. გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ათეული ათასი ავტომატური იარაღი თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 12 მილიონ ევროდ შეიძინა. გოცირიძის განმარტებით, სავარაუდო კორუფციული გარიგების საქმე სცდება გენერალური ინსპექციის კომპეტენციას და მასალები იგზავნება მთავარ პროკურატურაში. თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შედეგად მიღებული მილიონობით ლარი ოფშორულ ზონებში ირიცხებოდა. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელმა დღეს არ დააკონკრეტა კომპანია, რომელიც ”ავტომატების საქმეში” მონაწილეობდა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კომპანია პანამის ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG