Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული სანქციები


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რუსეთთან და მოლდავეთთან ვაჭრობაზე შემოღებული, ცივი ომის პერიოდის შეზღუდვების მოხსნა და, ამავე დროს, სანქციები დაუწესა რუსეთის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ 2009 წელს კორუფციასთან მებრძოლი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმესთან და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის სხვა შემთხვევებთან. სანქციები ითვალისწინებს საქმეში ჩართული პირებისთვის აშშ-ის ვიზებზე უარის თქმას და აშშ-ში მათი ქონების გაყინვას. ინიციატივას ახლა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უნდა მოაწეროს ხელი, და ამის შემდეგ ის კანონად იქცევა. მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული სანქციების დამტკიცებას უკვე მოჰყვა კრიტიკული და უკმაყოფილო შეფასებები რუსეთის პოლიტიკოსების მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხებში, კონსტანტინ დოლგოვმა განაცხადა, კანონპროექტი „რუსეთის მოქალაქეების უფლებებს არღვევს და ჩვენ მას უსამართლოდ და უსაფუძვლოდ მივიჩნევთო“. სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა კი თქვა, რუსეთმა შესაძლოა სანქციები შემოიღოს აშშ-ის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც „ადამიანის უფლებების დარღვევაში იყვნენ ჩართულნი ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაშიო“. პარლამენტის ზედა პალატამ სენატის ქმედებას რუსეთის მიმართ გადადგმული „არამეგობრული“ ნაბიჯი უწოდა.
XS
SM
MD
LG