Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილი დასაკითხად დაიბარეს შსს-ს საგამოძიებო სამსახურში


შსს-ს საგამოძიებო სამსახურში დასაკითხად მეორედ დაიბარეს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. როგორც დაკითხვის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშები და ტერორისტები, ამიტომ ლოგიკურია დაკითხვებზე დადიოდეს ის, ვინც ამ ადამიანებს ებრძოდა. მერაბიშვილის განმეორებით დაკითხვა მის მიერ ყალბი პასპორტით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის აღძრული საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. შსს-მ 1 დეკემბერს განაცხადა, რომ 30 ნოემბერს, როდესაც ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ერევანში მიემგზავრებოდა, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში მესაზღვრეს წარუდგინეს ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათით. სამინისტრომ 2 დეკემბერს გამოაქვეყნა პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლების და მესაზღვრის ჩვენებები, რომლებსაც სამინისტროს განცხადებით, ეწინააღმდეგება მერაბიშვილის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია. 6 დეკემბერს შსს-მ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმად მოწმედ დაკითხულმა, ვანო მერაბიშვილის დაცვის წევრმა ვანო ტუღუშმა დაადასტურა, რომ აეროპორტში მერაბიშვილს გადასცა ორი პასპორტი. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებამ მოიპოვა საეჭვო წარმომავლობის კიდევ ერთი პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომლებიც გაცემულია ვინმე გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა, მასში განთავსებულია შს-თა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი. სამინისტროს განცხადებითვე, მოწმის სახით დაკითხულმა ლორთქიფანიძემ დაადასტურა, რომ პასპორტი და პირადობის მოწმობა მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში და მსგავსი პასპორტი სხვისი მონაცემებით, შესაძლოა, ჰქონდეთ შსს-ს სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.
XS
SM
MD
LG