Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება პროვოკაციული ხასიათისაა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც სრულიად შემაშფოთებელი უწოდა ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მართლმადიდებელი და მუსლიმანი მოქალაქეების ბოლოდროინდელ დაპირისპირებას. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ ქვეყნისთვის სრულიად უცხოა და არ არის ქართული მოვლენა, რადგან საუკუნეთა განმავლობაში მართლმადიდებელი ქრისტიანები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთად სრულიად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და ისტორიას არ ახსოვს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების ერთი შემთხვევაც კი. ”სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ბოლო დროს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას” - ნათქვამია პრემეირ-მინისტრის განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, მის შეზღუდვას ხელისუფლება არ დაუშვებს, სამართალდამცავები გამოიძიებენ თითოეულ კანონდარღვევას და უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მონაწილეობს სამარცხვინო დაპირისპირებაში. პრემიერმა მოუწოდა მართლმადიდებელ და მუსლიმან მოქალაქეებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს, პატივი სცენ ტრადიციებს ქვეყნისა, რომლისთვისაც მსგავსი დაპირისპირება სრულიად უცხოა და ნუ გახდებიან ყოვლად უღირსი ქმედების მონაწილენი. ”როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ კონფესიასაც უნდა მიეკუთვნებოდნენ, მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია ექნებათ”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებაში.
XS
SM
MD
LG