Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: მზად ვართ განვიხილოთ და განვაახლოთ საქართველოდან სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შემოტანა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქცია მიიღოს. ,,რია ნოვოსტის” ინფორმაციაზე დაყრდნობით, „მედია ნიუსი" იტყობინება, რომ ამის შესახებ ლავროვმა მთავრობის და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. ,,როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან იმის შესახებ, რომ საქართველოს კიდევ მეტად სურს ურთიერთობების გაუმჯობესება, მაშინ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და განვაახლოთ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შემოტანა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ელექტროენერგია და გაზი იმ კომპანიის ხაზით მიდის, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს. მზად ვართ გონივრული, ცხოვრებიდან და ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე ინიციატივებისთვის და იდეებისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ რა კონტესტში გვთავაზობენ ურთიერთობების ნორმალიზებას”-აღნიშნა ლავროვმა. ამავე ცნობით, სერგეი ლავროვის თანახმად, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის საკითხი განიხილოს. ,,ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენ დაახლოებით ორი წელია რაც ჩარტერული საჰაერო მიმოსვლა აღვადგინეთ. ცოტა ხნის წინ ჩარტერული რეისების რიცხვი გაიზარდა. მზად ვართ, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის საკითხი განვიხილოთ,”აღნიშნა ლავროვმა. რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანა 2006 წელს აიკრძალა. ამის ოფიციალურ მიზეზად საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა. საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ შეწყდა.
XS
SM
MD
LG