Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე წარმატებულად მიიჩნევს თავის პირველ ვიზიტებს აშშ-სა და ევროპაში


მაია ფანჯიკიძე ძალიან წარმატებულად მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით თავის პირველ ვიზიტებს აშშ-სა და ევროპაში. ვაშინგტონში, ბრიუსელსა და დუბლინში გამართული შეხვედრები და ნატოს მინისტერიალი ფანჯიკიძემ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მინისტრის განცხადებით, საუბარი ყველგან შეეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, საშინაო გამოწვევებს და იმ გეგმებს, რომლებიც ახალ მთავრობას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განამტკიცებისა და ევროპასა და ნატოსთან საქართველოს დაახლოებისთვის. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ყველა შეხვედრისას დაფიქსირდა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და გამოითქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია. ”ყველას აინტერესებდა, თუ როგორი იქნება საქართველოს ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ, რის შესახებაც განმარტებები მიიღეს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპაში ვიზიტებისას უცხოელ კოლეგებს და ჟურნალისტებს აუხსნა, რომ საქართველოში არ არსებობს შერჩევითი მართლმსაჯულება და კოჰაბიტაცია არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაული არ უნდა გამოიძიო. ”მათ ამის გამო არანაირი შეკითხვა არ ჰქონიათ, აღნიშნეს, რომ არ აპირებენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და მადლობელნი იქნებიან, თუ ინფორმაცია ექნებათ", - განაცხადა ფანჯიკიძემ. მინისტრის თქმით, მაღალი დონის შეხვედრებისას მან დაადასტურა, რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება და ინფორმირებული იქნებიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ქვეყნის პარტნიორებიც.
XS
SM
MD
LG