Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარის დელეგაცია ახალი შემადგენლობით ჩადის ჟენევაში


ქართული მხარის დელეგაცია ახალი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელთა მორიგი, 22-ე რაუნდი 12 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც უკვე გაემგზავრა ჟენევაში, განმარტავს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა მნიშვნელოვნად მიჩნევს ჟენევის დისკუსიების არსებულ ფორმატს, რომელიც შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და მზად არის, ხელი შეუწყოს მისი მუშაობის არა მარტო გაგრძელებას, არამედ გააქტიურებას. ჟენევის შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების საკითხები და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებანი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მასთან ერთად, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG