Accessibility links

logo-print
დღეს რამდენიმე გაზეთი წერს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე. ”24 საათის” სტატიის სათაურია - ”რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური დიალოგი ახალ ფორმატში”. ”რეზონანსი” კითხულობს - ”რა დაუჯდება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ”ნორმალიზება?””.
”ახალ თაობაში”, სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუში, წაიკითხავთ: ”შეგვეძლო ხმამაღალი სათური მოგვეძიებინა ამ თემისთვის, ისეთი, როგორიცაა ”ყინული დაიძრა”, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, რომც დაიძრას ასეთი ყინული, რომელი მიმართულებით იქნება ის დაძრული. ამდენად, ზედმეტი ოპტიმიზმისგან თავს შევიკავებდი”.

ამავე თემაზე მამუკა არეშიძე ”ალიას” უზიარებს მოსაზრებებს: ”რუსეთს დღევანდელ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება აწყობს, თუმცა რუსეთი ფეხს არ მოიცვლის თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან. ვგულისხმობ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. თუმცა მომავალში რა იქნება, ეს რთული სათქმელია... დღეს რუსეთი ცდილობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს საქართველოსთან. ახლა საქართველოს მარიფათზეა დამოკიდებული”.

საგარეო ურთიერთობებს არ უკავშირდება, მაგრამ ”ალიადან” კიდევ ერთ ინფორმაციას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას - გაზეთის თანახმად, 2013 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ოგბაიძე საკითხზე საჯარო დებატების მომხრეა.

”რეზონანსს” ეუბნება ნორა კვიციანი: ”მე საერთაშორისო აღიარება მაქვს და, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უფლებების დასაცავად. პირველ რიგში სტატუსის მინიჭებას ვითხოვ და შემდეგ უკვე იმ ზიანის კომპენსაციას მოვითხოვ, რაც ჩვენს ოჯახს და პირადად მე მომადგა. მართალია, იმ ტანჯვის საფასური არაფერია, მაგრამ მაინც. როგორც გითხარით, ბინაც კი არ მაქვს, ქალიშვილებთან ვცხოვრობ, რომლებიც მარტოხელა დედები არიან”.

”ბიზნეს-რეზონანსში” ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”2013 წლიდან დაიწყება პენსიების ზრდის პროცესი. პირველი ეტაპი იქნება ის, რომ პენსია გაუტოლდეს რეალურ საარსებო მინიმუმს და არ იყოს პენსიების გაცემა რაიმე სახით დისკრიმინაციული - ასაკობრივი, შეზღუდული შესაძლებლობების თუ სხვა რაიმე ფაქტორით”, - აცხადებს სერგეენკო.

”საქართველოს რესპუბლიკის” ერთ-ერთი ავტორი წერს: ”საქართველოს მოსახლეობას ისევ აწუხებს კითხვები: რა გზას დაადგება ქვეყანა, რა მიზანს დაუსახავს ერს ახალი ხელისუფლება, განთავისუფლდება თუ არა ყველაფერი იმისგან, რამაც ეკონომიკური და სულიერი მდგომარეობის სტაგნაციამდე მიგვიყვანა, იქნება თუ არა პრიორიტეტული დემოკრატიულ და ეროვნულ პრინციპებზე სახელმწიფოს მშენებლობა და ა.შ.. მინდა დავიჯერო, რომ ეს კითხვები მალე აღარ იარსებებს”.

”არჩევნები დახურულ კარს მიღმა” – ”24 საათი” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე წერს: ”თუმცა ასარჩევიც არაფერი იყოო”, წერს ავტორი, რადგან სამიდან ორმა თავისი კანდიდატურა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნა: ”ხმის უფლების მქონე დელეგატებმაც (47-დან 41 გამოცხადდა) სინქრონულად აფრიალეს მანდატები. ეს ყველაფერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, დახურულ კარს მიღმა მოხდა, რადგან იმავე დელეგატებმა ასევე ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი კენჭისყრაზე გატანილ საკითხს: ”ჟურნალისტებს დავატოვებინოთ დარბაზი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავატაროთ არჩევნები””.
XS
SM
MD
LG