Accessibility links

logo-print

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხეს იმერეთის ყოფილი გუბარნატორი


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს მოწმედ დაკითხეს იმერეთის ყოფილი გუბარნატორი ლაშა მაქაცარია. მისი დაკითხვა უკავშირდება 2006 წელს, რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების გამოძიებას. იმ პერიოდში ლაშა მაქაცარია მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრი იყო. ამავე საქმის გამო, მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს კომისიის ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან დავით საყვარელიძე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, მოწმედ დაკითხვის უწყება სამსახურის თანამშრომლებმა მიიტანეს საყვარელიძის იურიდიულ მისამართზე, სადაც მისმა ნათესავმა უწყება არ ჩაიბარა. საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, ტელეფონით დავით საყვარელიძის გაფრთხილებისას მან მოითხოვა უწყების ჩაბარება ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში. საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ მიუხედავად საყვარელიძის სადეპუტატო იმუნიტეტისა, კანონით აქვს უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის მოწმედ დაიკითხოს და შესაბამისი უწყება პარლამენტის კანცელარიას ჩაბარდება. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი 2006 წლის ივნისში 7 მილიონ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ კომპანიაზე, ორი წლის შემდეგ კი, ისე, რომ კომპანიას მშენებლობა დაწყებული არ ჰქონდა, მიწა 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა თბილისის მერიამ.
XS
SM
MD
LG