Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ტომას მელია და კეტრინ ნიუკომბი


თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი კეტრინ ნიუკომბი. ისინი უკვე შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს. შეხვედრის შემდეგ არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ამერიკულ მხარეს აინტერესებდა მართლმსაჯულების სფეროს მდგომარეობა, მისი პრობლემები და ის, თუ რა დახმარებაა საჭირო. "ეს იყო ძალიან კარგი, გულთბილი შეხვედრა და სრული უერთიერთგაგება” - განაცხადა კბილაშვილმა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე, რელიგიის თავისუფლების თემაზე და სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე, რომელიც მალე ჩატარდება. წულუკიანის განცხადებით, ამერიკულ მხარეს განუმარტეს ახალი მთავრობის მიზანი, რომ როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, დატოვონ გამართული სისტემა, რათა სხვებმა წარმატებით გააგრძელონ მუშაობა.
XS
SM
MD
LG