Accessibility links

logo-print

საქართველოში დაბრუნდა თემურ ხაჩიშვილი


საქართველოში დაბრუნდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედაც მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა. ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული. ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ასევე, ხაჩიშვილს ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება. გათავისუფლების შემდეგ ხაჩიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა "დათვი" დააფუძნა. თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა. თემურ ხაჩიშვილს შეხვდა და ესაუბრა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ ყოფილ ძალოვანს პოლიტიკაში მოსვლა განზრახული არ აქვს.
XS
SM
MD
LG