Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ერთმანეთის საპირისპირო აქციები მოეწყო


ეგვიპტეში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები დემონსტრაციებს აწყობენ, კამათის საგნად ქცეული კონსტიტუციის პროექტის შესახებ რეფერენდუმის დაწყების წინ. ხმის მიცემის პროცესი შაბათს დაიწყება კაიროში, ალექსანდრიაში და კიდევ რვა პროვინციაში. ქვეყნის მეორე ნახევარი კი კონსტიტუციას ერთი კვირის შემდეგ უყრის კენჭს. რეფერენდუმის წინ ათი ათასობით პოლიციელი და სამხედროა მობილიზებული. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მოკავშირეები უჭერენ მხარს, ზედმეტად ისლამისტურია. მთავარი ოპოზიციური ძალა - ეროვნული გადარჩენის ფრონტი - ამომრჩეველს მოუწოდებს რეფერენდუმზე კონსტიტუცია უარყოს, თუმცა ბოიკოტის გამოცხადებისგან თავს იკავებს. ამ საკითხზე უთანხმოებას ეგვიპტეში ბოლო სამი კვირის განმავლობაში თან სდევს ძალადობა, პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. დაიღუპა სულ მცირე რვა ადამიანი. პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი, ოპოზიციასთან კომპრომისზე წავიდა და გააუქმა ნოემბერში მიღებული ბრძანება, რომელიც მას მნიშვნელოვნად უზრდიდა უფლებამოსილების მასშტაბს.
XS
SM
MD
LG