Accessibility links

logo-print
უცხოეთის პრესაში არც განვლილი კვირის მანძილზე მოჰკლებია ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კვლავაც წინა ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი წევრების დაკავების თემა. ჩვენც ამ თემით დავიწყებთ.

ლონდონში გამომავალი „ფაინენშლ ტაიმსი“ წერს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ დაპატიმრებების და გამოძიებების ტალღა დასავლელ ოფიციალურ პირებს უჩენს თავსატეხს, როგორ მოახდინონ რეაგირება. სტატიის ავტორი ნიკ ბაკლი თავის ხედვას გვთავაზობს.

მისი აზრით, ზედაპირზე ისე ჩანს, თითქოს დაკავებები მიჰყვება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავრცელებულ ლოგიკას - გამარჯვებულს ყველაფერი. მაგრამ საჭიროა მნიშვნელოვანი ნიუანსების გათვალისწინებაო, განაგრძობს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სისტემა დიდ ხარვეზად რჩებოდა სააკაშვილის გუნდის მმართველობისას დემოკრატიზაციისაკენ მიმართულ ძალისხმევაში, რომ სამართლებრივი სისტემა არ იყო სათანადოდ რეფორმირებული და დამოუკიდებელი. ამდენად, ივანიშვილის გუნდი უსაფუძვლოდ არ აცხადებს, რომ რიგითი ქართველები მოითხოვენ გასამართლდნენ ოფიციალური პირები, რომლებიც ბოროტად სარგებლობდნენ უფლებამოსილებით.

„ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ დასავლელი ოფიციალური პირების მოწოდება, „ბოლო მოეღოს“ წინა მთავრობასთან დაკაშირებული ოფიციალური პირების დაპატიმრებას, აჩენს ქართველებში უკმაყოფილების გაღვივების საფრთხეს, დასავლეთის პოზიციის ფარისევლობად აღქმის გამო. შესაძლოა, ჯობდეს ისეთი მიდგომა, როცა მოითხოვ, რომ ყველა ბრალდება იყოს დამაჯერებელი და მყარი, რომ ზედმიწევნით ზუსტად იქნეს დაცული ყველა პროცესი და რომ ყველა საქმე სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს“, ვკითხულობთ „ფაინენშლ ტაიმსში“.

სტატიის ავტორი მიუთითებს კიდევ ერთ შესაძლო გამოსავალზე - საქართველოში „სიმართლის დამდგენი კომისიის“ შექმნაზე. ამ წინადადებით დეკემბრის დასაწყისში ორი ექსპერტი - ანა დოლიძე და ტომ დე ვაალი - გამოვიდა.

უნდა დაიჭირონ თუ არა? ან, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არა საქართველოში? და როგორი უნდა იყოს დასავლელი მოკავშირეების რეაქცია? - ამ შეკითხვებს უტრიალებს გამოცემა „ნეშნლ ინტერესტში“ გამოქვეყნებული სტატიაც. მას ორი ავტორი ჰყავს - კავკასიის ექსპერტი მაიკლ ჩეჩირე და პოლიტიკის ექსპერტი სემ პატენი, რომელიც კონსულტანტად მუშაობდა როგორც სააკაშვილის გუნდთან, ისე, მოგვიანებით, „ქართულ ოცნებასთან“.

საარჩევნო ბიულეტენებზე მელანი არ იყო შემშრალი, რომ ახლად არჩეულმა მთავრობა დაკავებები და გამოძიებები დაიწყო სააკაშვილის მთავრობის წევრების წინააღმდეგო, წერენ სტატიის ავტორები და აღნიშნავენ, რომ საქართველოს დასავლელ მეგობრებში ეს ამბავი არაერთ შეკითხვას ბადებს... მეტისმეტად შორს ხომ არ მიდიან „მეოცნებეები“?

ამ შეკითხვასთან დაკავშირებულ გარემოებებზე მსჯელობას ეთმობა სტატიის ძირითადი ნაწილი. პუბლიკაციის ავტორებს გამართლებულად მიაჩნიათ წარსულში დანაშაულის ჩამდენთა გასამართლება და მიუთითებენ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება უარის თქმას სამართლებრივ დევნაზე ასეთ შემთხვევებში. მათ მაგალითად მოჰყავთ რუსეთი, სადაც კომუნისტური რეჟიმის დანაშაულთა მიმართ უმოქმედობამ ხელი შეუწყო კაგებეს ისეთი მოღვაწეების აღზევებას, როგორიც არის ვლადიმირ პუტინი, რომელიც ყველა ღონეს მიმართავს სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად.

მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს. „ნეშნლ ინტერესტში“ დაბეჭდილი სტატიის ავტორების აზრით, ჯერ ნაადრევია საქართველოში დაკავებების პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნევა. ამ სტატიაშიც არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის მძიმე ხარვეზებზე საქართველოს სამართლებრივ სისტემაში და მოყვანილია საქართველოს, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, „ყველაზე სერიოზული ექსპერტების“ აზრი, რომ წინა მთავრობის ზოგი წევრის ადგილი, შესაძლოა, მართლაც ციხეში იყოს. ამ კონტექსტში დასახელებულია ორი ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი. შემდეგ ვკითხულობთ: „რასაკვირველია, ყველა საქმე არ არის ასე მკაფიო. ათობით სამხედრო ლიდერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, რომლებიც ასევე არიან დაკავებული, შესაძლოა დამნაშავე იყვნენ თავიანთ წილ უკანონობაში, მაგრამ ასეთი ბრალდებები სწორიც რომ იყო, ეს ხალხი, სავარაუდოდ, ზემოდან მიღებულ დავალებებს ასრულებდა. თავის დასაცავად არგუმენტი „ასე დამავალეს“ შესაძლოა დამაჯერებელი არ იყოს, მაგრამ მთელი ჯაჭვი სავარაუდო დანაშაულებისა, რომლებიც უკავშირდება წინა მთავრობის უმაღლეს ეშელონებს, ბადებს შეკითხვას - როდის მოეღება ბოლო ბრალდებების წაყენებას? ივანიშვილის მთავრობა ვერ დააპატიმრებს და გაასამართლებს და არც უნდა დააპატიმროს და გაასამართლოს ყველა, ვინც დაკავშირებულია წინა რეჟიმის მიერ ძალაუფლების გადამეტებასთან“, ვკითხულობთ „ნეშნლ ინტერესტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორებიც დასავლეთს მოუწოდებენ განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა.

საქართველოში დაკავებების თემაზე სტატია გამოქვეყნდა გამოცემა „ფორინ პოლისიშიც“. ეს არის გამოხმაურება ამერიკელი სენატორების მიმართვაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი, ნუ გამოიყენებს სასამართლოს წინა ხელისუფლებასთან პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის.

რაც შეეხება სხვა თემებს, ვაშინგტონში დაფუძნებული „ჯეიმსტაუნის ფონდის“ ვებსაიტზე გაეცნობით საქართველოს ერთ-ერთ ყოფილ მინისტრზე სტატიას, სათაურით „ირაკლი ოქრუაშვილი: სინდისის პატიმარი, პროვოკატორი თუ მოღალატე“. ხოლო „იურეიჟა ვიუს“ საიტზე გამოქვეყნებულია სტატია მანდატურებსა და სკოლებში მათი მუშაობის სპეციფიკაზე.

დაბოლოს, მოკლედ წარმოგიდგენთ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ექსკლუზიურ მასალას თემაზე, რომლის სიმწვავეზეც თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ სტატია ბევრმა გამოცემამ გამოაქვეყნა. ის ეხება რადიოაქტიური მასალის კონტრაბანდას. მრავალწლიანი ძალისხმევისა და ბირთვული მასალით უკანონოდ ვაჭრობასთან ბრძოლაში ასობით მილიონი დოლარის დახარჯვის მიუხედავად, შავი ბაზარი კვლავაც აქტიურია ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, საქართველოშიცო, წერს „ასოშიეიტიდ პრესი“, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული მასალის კონტრაბანდის ექვსი შემთხვევის გამოძიებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG